სამართალი
ნათია თურნავა: პროკურატურა ნანა ყეინიშვილის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ნანა ყეინიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა კითხვები და ეჭვები.

„ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ნამდვილად ასეა ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“, - აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო შპს ბიტექსჩეინჯის ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე.