საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საბაჟო-სასაზღვრო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ისტორიაში პირველად, სავაჭრო ბალანსი საქართველოსა და ირანს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სასარგებლოდ. შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის ბოლოსთვის შესაძლოა უპრეცედენტო მაჩვენებელს - 400 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს, - ამის შესახებ საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოუჯანიმ განაცხადა.
ირანელი დიპლომატის განცხადებით, მოკლე დროში შესაძლებელი გახდა ქართველი ბიზნესმენებისა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებისთვის ირანის ბაზარზე წვდომის ახალი, ანალოგის არმქონე მოდელის შექმნა.
როგორც მან განმარტა, დღეს თითოეულ ქართველ ბიზნესმენს აქვს შესაძლებლობა, ირანელი მეწარმეების მსგავსად, მცირე საწევრო შენატანის გადახდით გაწევრიანდეს ირანის სავაჭრო, სამრეწველო, მაღაროებისა და სოფლის მეურნეობის პალატაში და ისარგებლოს ხმის უფლებით.
ალი მოუჯანის განცხადებით, კიდევ ერთი შესაძლებლობა არის შიდარეგიონული თანამშრომლობისთვის საფუძვლის შექმნა და ირანის მეზობელი ერაყისა და ავღანეთის ბაზრების გახსნა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისთვის.
„ამ მხრივ, „ირანის ბაზრის სავაჭრო ქსელის“ ძალისხმევით, მიმოწერა შედგა ირანის მეზობელი ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებსა (78 მილიონიანი მოსახლეობით) და საქართველოს სავაჭრო ქსელს შორის. ქალაქ მეშჰედის სავაჭრო პალატამ მიიღო შესაბამისი ინსტრუქციები მეზობელ ქვეყნებში - პაკისტანსა და ავღანეთში სავაჭრო პარტნიორებთან კონსულტაციებისთვის, ისევე როგორც თავრიზის, ჰამადანის, ქერმანშაჰის სავაჭრო პალატებმა - ქურთისტანის რეგიონსა და ერაყის მეზობელ რაიონებში. ეს ქსელი აერთიანებს 95 მილიონ ადამიანს ირანში, 35 მილიონს ავღანეთში, 43 მილიონს ერაყში და 240 მილიონს პაკისტანში, რაც 413 მილიონიანი მოსახლეობის გიგანტური ბაზარია.
მაგალითად, საელჩო შეეცადა თანამშრომლობა დაემყარებინა ირანის საბაჟო და სანიტარიულ ორგანიზაციებთან, რათა ერთ-ერთი საზღვარი მუდმივად ღია ყოფილიყო კავკასიიდან ერაყში ცოცხალი პირუტყვის ოპერატიული გადაზიდვისთვის, რათა ირანის გავლით ტრანზიტით ცოცხალი პირუტყვი დღე-ნახევარში ჩასულიყო ერაყში და იქიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებში წონის მინიმალური კლებით“, - განაცხადა ალი მოუჯანიმ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კასპიის ზღვის სამხრეთ დერეფნის გახსნაზე კონსულტაციები, რაც კასპიის ზღვის დაშრობის ფონზე უსაფრთხო ალტერნატივაა ტვირთების გადასაზიდად ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან კავკასიისა და თურქეთის გავლით შავ და ხმელთაშუა ზღვებში.