საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. თურქეთს აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, კიდევ უფრო განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები ყველა შესაძლო მიმართულებით“, - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის განცხადებაში, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავს ეძღვნება.
ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან გასული 35 წლის განმავლობაში ორმხრივმა თანამშრომლობამ ყველა სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„თურქეთი ამაყობს, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 3.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ წლიური სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გავზარდოთ, რასაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უწყობს ხელს.
საქართველოს მიერ შექმნილი ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების წყალობით, ქვეყანაში თითქმის სამი ათასი თურქული კომპანია ოპერირებს ინფრასტრუქტურის, სასტუმრო ბიზნესის, სამოქალაქო ავიაციის, განახლებადი ენერგეტიკისა და სამრეწველო წარმოების სფეროებში. თურქული ინვესტიციების საერთო მოცულობამ საქართველოში 2.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
მსურს ხაზი გავუსვა თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. გულითადად ვესალმები მეგობარ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი ჩვენი დღესასწაულის გაზიარებისთვის“, - აღნიშნულია თურქეთის ელჩის განცხადებაში.