საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსულ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კავშირები ძმური და ურყევი რჩება ნებისმიერი პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, - ამის შესახებ მოსკოვის ქართული სამრევლოს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე კრეჩეტოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ორ ეკლესიას შორის მრავალსაუკუნოვანი ლოცვითი და სულიერი ერთობა წარმოადგენს მტკიცე ხიდს ორ ხალხს შორის.
დეკანოზმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ქართულ ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება და მრევლი ერთსულოვნად ლოცულობს როგორც საქართველოს, ისე მართლმადიდებლური სამყაროს მშვიდობისთვის. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იგეგმება ქართული საეკლესიო დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ორ მოძმე ეკლესიას შორის არსებულ ცოცხალ სულიერ კავშირს.