სამართალი
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პატიმრობა გირაოთი შეცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სახელმწიფო ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ვერსიით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებითა და სოციალური პლატფორმებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო შეთანხმებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა, რითაც პროკურატურის მტკიცებით, ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესებს და ხელი შეეშალა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.