სამართალი
დიტო ჩუბინიძე: არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც გირაოს დავთანხმებივარ

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „ციხიდან გამომიშვეს 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ - საპროცესო შეთანხმება არ მქონია. საერთოდ როგორ შეიძლება სამშობლოს ღალატზე საპროცესო შეთანხმება იყოს? საპროცესო შეთანხმება სამშობლოს ღალატზე კობახიძეს და მის ბანდას აქვთ გაფორმებული“, - განაცხადა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.

მისი თქმით, მისთვის ციხიდან გათავისუფლება სრულიად მოულოდნელი იყო.

„იურიდიულ ნიუანსებში არ შევალ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 4000-ლარიანი გირაოთი გამომიშვეს. მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, არც გირაოზე ვყოფილვარ თანახმა, მაგრამ, როგორც იტყვიან, პირდაპირი მნიშვნელობით გამომაგდეს. საპროცესო შეთანხმება არ მქონია, გამომისტუმრეს ციხიდანაც და სასამართლოდანაც.

რა საპროცესო შეთანხმების მიმართვა, როგორ შეიძლება სამშობლოს ღალატზე საპროცესო გარიგება? საპროცესო შეთანხმება სამშობლოს ღალატზე კობახიძეს და მის ბანდას აქვთ გაფორმებული.

გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, არ ველოდი. საკნის მეგობრებთან ერთად სავარჯიშოდ გავდიოდი, როცა პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში გამომიშვეს“, - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.