აქტუალური
„დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია დისკრიმინაციულია“

devnilebiთბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია დევნილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო სტრატეგიის შეცვლას მოითხოვს. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს ორის სახის დახმარება შესთავაზა – ფულადი კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და საცხოვრებელი ფართი. აღსანიშნავია, რომ დახმარების სახეობის არჩევანი დევნილთა გარკვეული კატეგორიისთვის თავისუფალი იყო.

დევნილთა სამინისტრომ 2008-2009 წლებში  ყოველგვარი სამართლებრივი რეგულაციების გარეშე დაიწყო სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის განხორციელება და დევნილებზე გასცა როგორც ფულადი კომპენსაცია, ისე საცხოვრებელი ფართები, რაც „თავისუფალი საქართველოს“ ხედვით, კანონდარღვევაა.

მეორე ეტაპის დაწყება, სამოქმედო გეგმის თანახმად, დათარიღებულია 2010 წლით. აღნიშნულ ეტაპზე დევნილები დაყოფილია ორ კატეგორიად – პირველი, ვინც სტრატეგიის დამტკიცებამდე მიიღო დახმარება, და მეორე – ვისაც საერთოდ არ მიუღია არანაირი კომპენსაცია.

„ვინაიდან ამ ეტაპზე ფულადი დახმარება 10 000 აშშ დოლარის ოდენობით აღარ გაიცემა, იმ დევნილებს, რომელთაც არანაირი დახმარება არ მიუღიათ, იძულებულნი არიან, პერიფერიებში შემოთავაზებული ფართები მიიღონ, ხოლო იმ დევნილებს, რომელთაც 2008-2009 წლებში მიიღეს ფულადი კომპენსაციები, სახელმწიფო სთავაზობს კიდევ ერთ დახმარებას იმ შემთხვევაში „თუ პირველ ეტაპზე მიღებული თანხა არამიზნობრივად გამოიყენა ან მიაჩნია, რომ იგი იყო არასაკმარისი“. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ დევნილთა სამინისტროს. ასევე, მეორე ეტაპზე 2010 წელს დადგინდა სრულიად ახალი რეგულაცია, რომელიც აწესებს დევნილთა მიერ დევნილობის პერიოდში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების დეკლარირებას, რასაც თავად დევნილთა სამინისტრო ახორციელებს. უძრავი ქონების მქონე პირებს სახელმწიფო უხსნის ყოველგვარ დახმარებას, გარდა ერთი გამონაკლისისა – იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ქონება საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, სამინისტრომ შესაძლოა, გამოყოს ამ სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სამშენებლო მასალები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, არსებული სახელმწიფო სტრატეგიის შეცვლას, რადგან იგი მოიცავს დისკრიმინაციულ, ურთიერთგამომრიცხავ სამართლებრივ ნორმებს და განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს ერთი და იმავე სტატუსის მქონე პირებს“, – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ გზავნილში.