საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ. ჩვენ შორის ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათით არის განპირობებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში სააგენტო „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.
„თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ. ჩვენ შორის ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათით არის განპირობებული.
ჩვენ გვაქვს თანხვედრა ღირებულებით და პოლიტიკურ პოზიციებში - ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკა.
ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, ასეთი ურთიერთობების მეშვეობით კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი პარტნიორობა, დავიცვათ საერთო ღირებულებები და მშვიდობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.