პოლიტიკა
საქართველო ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო შევიდა იმ 40 ქვეყნის რიცხვში, რომლებმაც ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი 12 ნოემბერს დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საფრანგეთის ინიციატივით შეთანხმდა.

დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნების სრული სია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციასთან მიერთებით საქართველომ სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებთან ერთად კვლავ დაადასტურა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მხარდაჭერა. დოკუმენტი ასევე აღიარებს თითოეული სახელმწიფოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი საგარეო ურთიერთობები და მიიღოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უკრაინას. ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების პირობები თავად უკრაინის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე არ უნდა წყდებოდეს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას ჰიბრიდულ საფრთხეებთან, კიბერშეტევებთან, უცხოურ საინფორმაციო ჩარევასთან, ტერორიზმთან, ნარკოტრაფიკსა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში.

ამასთან, ხელმომწერი ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, ადასტურებენ, რომ ალიანსი რჩება მათი კოლექტიური თავდაცვის საფუძვლად. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია შეერთებულ შტატებსა და კანადასთან ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ახალი სამხედრო ალიანსის შექმნას და ხელმომწერ ქვეყნებს კოლექტიური თავდაცვის ავტომატურ ვალდებულებებს არ აკისრებს. დეკლარაცია მიმართულია საერთაშორისო სამართლის არსებული პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების მხარდაჭერისკენ.

დუბლინის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.