საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურნბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ცალკეულ დარღვევებს და რომ ეს არ იყო სახელმწიფო პოლიტიკა. ახლა ზუსტად იგივეს იმეორებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, დღეს არსებობს საერთაშორისო-სამართლებრივი სივრცე, რომელიც საშუალებას იძლევა სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს შეფასება მიეცეს.
„ყველაფერი სხვა რომ გვერდზე გადავდოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ციხეებში წამებასთან მიმართებით პირდაპირ არის გამოყენებული სიტყვა „სისტემატური“. ამ მიმართულებით გამოტანილია პირდაპირი იურიდიული ვერდიქტი: წამება ატარებდა სისტემატურ ხასიათს, ხოლო პენიტენციურ სისტემაში შექმნილი იყო გარემო, რომელიც ხელს უწყობდა წამების გამოყენებას.
ამ დღეებში ჩვენ ვაკვირდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლებს. კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენები მიმდინარეობს არა მხოლოდ სამართლებრივ ასპექტში, არამედ საზოგადოებისთვის იქცა კიდევ ერთ შესაძლებლობად, გამოიტანოს და დაადასტუროს პოლიტიკური ვერდიქტი.
პირდაპირ ეთერში გვესმის რეჟიმის შემქმნელების, მისი დამცველების, მეხოტბეებისა და მხარდამჭერების გამოსვლები, რომლებიც ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს. ისინი არ აღიარებენ, რომ არსებობდა წამების სისტემა და ამის შესახებ სასამართლოს წინაშე აცხადებენ. ამბობენ, რომ კასრებში რაღაც იპოვეს და ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, რა არის ესო.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ იქნა მხილებული დანაშაულები, ხოლო რეჟიმის შეცვლის შემდეგ კიდევ არაერთი სხვა ფაქტი გამოვლინდა. ჩვენ ვნახეთ, რა დანაშაულებს სჩადიოდა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი და როგორ ხდებოდა შემდეგ ამ ყველაფრის დოკუმენტირება ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მასალების მეშვეობით, რომლებიც ინახებოდა იმისთვის, რომ ჰქონოდათ საზოგადოებისა და ამ ჩანაწერებში მოხვედრილი ადამიანების შანტაჟის შესაძლებლობა. ცნობილია, რომ მსგავსი ჩანაწერები არსებობდა საკუთარი გუნდის წევრებზეც, თუმცა მათ არ აშანტაჟებდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.