საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელის, კოკა მორგოშიას შვილია.
„ისინი მეტ-ნაკლებად იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა არ ვიცი, რა ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი, ვინც ერთი მხრიდან არიან დაკავებულნი, ბავშვობის მეგობრები არიან, მეც ვიცნობ მათ.
იყო ერთი დაჭრილი. ვიცი, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა, ჯანმრთელობას ვუსურვებ“, - განაცხადა კოკა მორგოშიამ.
შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა - ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის გამოყენებით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით.