სამართალი
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას გირაო შეეფარდათ

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ციხის საკანში დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და გლდანის №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 - 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სხდომას ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორის განმარტებით, არსებობს გიორგი პატარიძის მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის, ასევე მოწმის სახით გამოსაკითხ პირებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე. გარდა ამისა, ყულჯანიშვილის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით ის მიიმალოს.

პროკურორმა იგივე საფუძვლებზე განაცხადა მეორე ბრალდებულის, რამაზ ფირცხალავას მიმართაც.

ყულჯანიშვილის თქმით, გირაომ აღნიშნული საფრთხეების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულების მიმართ თითოეულისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება მოითხოვა.

ბრალდებულების ადვოკატი ირმა ბრელიძე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სასამართლომ გირაო არ უნდა გამოიყენოს. ადვოკატმა მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.

ბრელიძის თქმით, ბრალდებულების მიმალვის ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები არ არსებობს.

ალტერნატივის სახით ბრელიძემ სასამართლოს შესთავაზა, თითოეულისთვის 3 000 ლარის ოდენობით გირაო გამოეყენებინა.