საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელიც თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება გახსნა და გაუძღვა თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას (400-ზე მეტ სტუმარსა და მონაწილეს) სიტყვით მიმართა. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მიმართა და ტოლერანტობის დღე მიულოცა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა კულტურის შეხვედრის ადგილი — ქალაქი, რომელმაც ბევრი რამ მიიღო განსხვავებული ტრადიციებისგან და თავადაც ბევრი რამ შესძინა მათ. მისივე თქმით, სწორედ ამ მრავალფეროვნებამ შექმნა თბილისის განსაკუთრებული ხასიათი და იდენტობა. „საქართველოში და, განსაკუთრებით, თბილისში ტოლერანტობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ქალაქის წარსული სხვადასხვა კულტურის, ეთნოსისა და რელიგიის მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიაა. თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც განსხვავებული წარმომავლობის, სარწმუნოებისა და ტრადიციების ადამიანები არა მხოლოდ ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით, არამედ ერთად ქმნიდნენ ქალაქის კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჩვენი ვალია, ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც თავისი ყოველდღიური საქმიანობით ამ ღირებულებების დაცვასა და გამდიდრებას ემსახურება. გილოცავთ ტოლერანტობის დღეს — ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ძალა მრავალფეროვნებასა და თვითმყოფადობაშია“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს, თბილისის მრავალეთნიკური სათემო საზოგადოების თანადგომისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ტოლერანტობის ამაგდარის“ საპატიო სიგელი გადასცა.
როგორც ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აღნიშნა, ტოლერანტობის დღის აღნიშვნა საკრებულოში უკვე ტრადიციად იქცა. „უკვე 11 წელია ერთად აღვნიშნავთ ტოლერანტობის დღეს თბილისის საკრებულოში. ეს დღე თითოეულ ჩვენგანს კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და თანადგომა. თბილისი მხოლოდ ქალაქი არ არის — ეს არის ჩვენი მეხსიერება, ჩვენი ცნობიერება, ჩვენი იდენტობა. თბილისი სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და ეთნოსის თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია. ჩვენთან მუშაობს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო, რომელიც ღირებულებების ერთობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის სივრცეა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ინარჩუნებთ თქვენს კულტურასა და ტრადიციებს, უფრთხილდებით და, ამავდროულად, პატივს სცემთ სხვათა ტრადიციებსა და კულტურას — სწორედ ესაა ნამდვილი თანაცხოვრება, მეგობრობა და ტოლერანტობა. მჯერა, რომ ჩვენი მრავალფეროვნება კიდევ უფრო გვაახლოებს, გვაძლიერებს და გვასწავლის, რომ ადამიანებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ღირებულებებია“, — განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობისა და სათვისტომოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება ანსამბლ „ნერგების“ შესრულებით ქართული ცეკვის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრით გაიხსნა და ამავე კოლექტივის მიერ შესრულებული სიმღერით „თბილისო“ დასრულდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |