საზოგადოება
თბილისში აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. 2026 წლის 17 ნოემბერს თბილისში აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტ Study in Azerbaijan-ის ფარგლებში.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aktual.ge-ს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოფენის მთავარი მიზანია საქართველოში მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მშობლების ინფორმირება აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემის, უნივერსიტეტების, სასწავლო პროგრამების, სპეციალობებისა და ჩარიცხვის პირობების შესახებ. გარდა ამისა, ღონისძიება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ აზერბაიჯანის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

გამოფენის ფარგლებში ვიზიტორები შეძლებენ შეხვდნენ აზერბაიჯანის 10-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენელს. ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული სპეციალობების, ჩარიცხვის წესების, სწავლისა და სტიპენდიის მიღების შესაძლებლობების, ასევე სტუდენტური ცხოვრების შესახებ. დაინტერესებულ პირებს ასევე შეეძლებათ პირდაპირ დაუსვან თავიანთი კითხვები უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება 2026 წლის 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, სასტუმრო Swissôtel Tbilisi-ში.

„მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც დაინტერესებულია აზერბაიჯანში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებით, ეწვიოს გამოფენას“, - ნათქვამია განცხადებაში.