პოლიტიკა
„ექვსიანი“ არჩევანის წინაშე

eqvsssთბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა რადიო „პალიტრის“ პირდაპირ ეთერში „პოლიტიკურ ექვსიანში“ მიმდინარე პროცესებსა და კოალიციის შექმნის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ექვსიანი“ ან პოლიტიკურ კოალიციად გადაიქცევა, ან ფსევდოგაერთიანების აზრს ვერ ხედავს. „ჩვენი სურვილი იყო, „ექვსიანი“ ჩამოყალიბებულიყო როგორც ალტერნატივობის პრეტენზიის მქონე კოალიცია. თავის დროზე ამ საკითხმა „ექვსიანში“ მხარდაჭერა მიიღო, თუმცა აგვისტოს ბოლოდან სხვა პროცესები დაიწყო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ივლისის დასაწყისში შეთანხმდნენ კოალიციაზე, ასევე, პატარ-პატარა მიტინგებზე, შემდეგ კი – უფრო დიდ მიტინგზე.

„ფაქტობრივად, ირაკლი ალასანია ვაღიარეთ პირველად თანასწორთა შორის და ლიდერად (ბუნებრივია, ბელადად ვერ ავირჩევდით). „ფორუმს“, ალბათ, პრეტენზია გაუჩნდა ალასანიას ლიდერობაზე. ალასანიამ აგვისტო სოფლებში გაატარა და მათი პოზიცია ასე ჩამოყალიბდა – „მოდი, კოალიციის საკითხი მომავალი წლისთვის გადავდოთ“. არ მინდა, ვთქვა, რომ მხოლოდ „ფორუმმა“ შეუშალა ხელი კოალიციის შექმნას, ალასანიამაც ვერ იტვირთა ის ფუნქცია, რაც მას მივანიჭეთ. „ფორუმი“, ერთი მხრივ, თავისი მოტივებით და ალასანია, მეორე მხრივ, თან ამ დროს ისინი ერთმანეთში კარგად ურთიერთობენ, გახდა ხელისშემშლელი კოალიციის შექმნისა. ეს კოალიცია საფრთხის ქვეშ არის. არ ვმალავთ, რომ ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, თითქოს პრობლემა არ გვაქვს. დღეს გაცილებით შორს ვართ კოალიციის შექმნისგან, ვიდრე – დაშლისგან“, – დასძინა ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკელები“ საკუთარ პოზიციებზე მიმდინარე წლის 5 ნოემბრისთვის დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე ისაუბრებენ.