საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია შესაძლოა 2027 წელს ხელმძღვანელობის გარეშე დარჩეს.
ამის შესახებ ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი წერს გამოცემა Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.
ავტორის ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგება 14 ევროპული სახელმწიფო, თუმცა კონკრეტული პრეტენზიები მათ არ გაუხმოვანებიათ.
ამავე დროს, თურქეთი ბლოკავს კვიპროსის კანდიდატურას, რის გამოც ორგანიზაციაში თავმჯდომარეობის საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.
„ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოსვლა, რათა ეუთო კრიზისისგან იხსნან“, - წერს პრაუდი.
სტატიაში ავტორი ასევე განიხილავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მისი შეფასებით, თბილისის ფრთხილი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობებში და 2008 წლის ომის გამოცდილება შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის.
„რთული გეოპოლიტიკური ბალანსი, რომლის შენარჩუნებაც საქართველოს უწევს რუსეთთან ურთიერთობებში, სწორედ ის მიზეზია, რის გამოც ქვეყანას შეეძლო გამხდარიყო ეუთო-ს კარგი თავმჯდომარე“, - წერს ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი.
პრაუდი ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე. მისი შეფასებით, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოს გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამასთან, მისი ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ არ გამოდიან აშშ, კანადა, უკრაინა და რუსეთი.
„მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირეა მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს საკუთარი თავი კიდევ ერთი დამანგრეველი ომის საფრთხის ქვეშ დააყენოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, აბსურდულია“, - წერს პრაუდი.
სტატიაში ასევე დადებითად არის შეფასებული საქართველოში ეკონომიკური ზრდა და რეფორმები, რასაც ავტორი ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობების სასარგებლო ერთ-ერთ არგუმენტად მიიჩნევს. იგი მიუთითებს, რომ 2026 წლის აპრილში საქართველომ ასევე გადაიბარა ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა.
პრაუდის შეფასებით, თავმჯდომარეობის საკითხზე შეთანხმების არარსებობამ შესაძლოა გაართულოს ეუთო-ს მუშაობა, მათ შორის უკრაინაში ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ცნობისთვის: იან პრაუდი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში 1999 წლიდან 2023 წლამდე მუშაობდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩოში მოსკოვში. ამჟამად იგი კუინსის ინსტიტუტის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელია.