პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად 7 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია იგეგმება

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. „სატრანსპორტო დაკავშირებადობასთან და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებაზე გვაქვს ამბიციური გეგმები და თანმიმდევრულად მივყვებით მათი განხორციელების კურსს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხუთ წელიწადში საქართველო თვისებრივად გააძლიერებს თავის პოზიციებს ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში: დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში უაღრესად მნიშვნელოვანია. შუა დერეფანი გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის სტრატეგიულ როლს.

ამ მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები. ამ სფეროში იგეგმება დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად.

საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში ვგეგმავთ ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას 2031 წლისთვის. ეს ამბიციური, მაგრამ სრულიად რეალისტური გეგმაა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მის განხორციელებაზე.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საპორტო ინფრასტრუქტურასთან მიმართებით, 2029 წლისთვის დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი.

გეგმაზომიერად ვმუშაობთ აეროპორტების განვითარებაზეც. ხორციელდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ბათუმშიც გვაქვს ამბიციური გეგმები. გარდა ამისა, ვგეგმავთ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის - ვაზიანის აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 2031 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

სარკინიგზო სფეროშიც გვაქვს ამბიციური გეგმები, რკინიგზის შესაძლებლობები თვისებრივად გაძლიერდება.

სატრანსპორტო დაკავშირებადობასთან და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებაზე გვაქვს ამბიციური გეგმები და თანმიმდევრულად მივყვებით მათი განხორციელების კურსს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხუთ წელიწადში საქართველო თვისებრივად გააძლიერებს თავის პოზიციებს ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ თემას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.