საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთდაკავშირებადობის განმტკიცებასა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი პროექტების წარმატებული განხორციელებისა და სავაჭრო თანამშრომლობის წყალობით, აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად შედის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.
დადებითად შეფასდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარიაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი.