პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა, განხორციელებული ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებები, არსებული შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საზღვაო პორტების სტრატეგიულ როლს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებაში, მზარდი ტვირთნაკადების ეფექტიან მომსახურებასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. აღინიშნა, რომ საქართველოს საპორტო სექტორი ტვირთბრუნვის სტაბილურ ზრდას აჩვენებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობა. მხარეებმა განიხილეს „ერთიანი საზღვაო ფანჯრის“ (Maritime Single Window - MSW) სისტემის განვითარების, საპორტო პროცედურების გაციფრულების, მონაცემთა ელექტრონული გაცვლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები. ხაზი გაესვა ამ პროცესებში ამერიკული მხარის მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს საზღვაო სექტორის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ამაღლებას, ასევე მის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას საზღვაო უსაფრთხოებისა და პორტების დაცვის სფეროში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის სანაპირო დაცვის (US Coast Guard) ურთიერთქმედება, მათ შორის პორტების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების (ISPS კოდექსი) დანერგვისა და შეფასების საკითხებში. აღინიშნა აშშ-ის მხრიდან ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის სპეციალისტების პროფესიული მომზადებისა და ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერების სფეროში.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინიციატივაა. აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვნად გააფართოებს ქვეყნის საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო სატრანზიტო და ლოგისტიკურ ქსელებში.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საზღვაო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, მოწინავე გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების ეფექტიანი დანერგვის მნიშვნელობას. გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების, პორტების დაცვის, ციფრული სერვისებისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას. სტუმრები გაეცნენ მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერეს აკადემიის სასწავლო ინფრასტრუქტურა, ასევე საზღვაო განათლების პროცესში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობა.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სასწავლო სიმულატორები, მათ შორის სანავიგაციო ხიდურის, სატვირთო ოპერაციებისა და გემის მდგრადობის, ასევე სამანქანე განყოფილების სიმულატორები. აღინიშნა, რომ ეს ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეზღვაურთა პრაქტიკულ მომზადებაში, პროფესიული უნარების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო განათლების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.