საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რფ-თან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან, მისი ვიზავი იქნება რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, იტყობინება რუსეთის დიპლომატიური უწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 21 ოქტომბერს დანიშნა.
„გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი ჩვენ მიერ დამყარებულია. მისი რუსული ვიზავი განსაზღვრულია - ეს არის სამხრეთ კავკასიის მიმართულების კურატორი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი. რუსეთი უცვლელად გამოდის საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების აგების მომხრედ“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ გაზეთ „იზვესტიას“, რომელმაც კომენტარი უწყებაში მიიღო.
იქვე აღნიშნეს, რომ ურთიერთობის მსგავსი ფორმატი რუსეთ-საქართველოს დიალოგის აღდგენაზე მეტყველებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის წარმართვისთვის.
პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელიც ამ პოსტს 2012 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა და მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“ ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის შეცვალა გიორგი ქაჯაიამ, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ისინი ქართულმა მხარემ გაწყვიტა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა აღიარა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს, ამასთანავე ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.