აქტუალური
ევროკომისიამ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3%-მდე გაზარდა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი (Autumn 2026 Economic Forecast), რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინები გაუმჯობესდა.

განახლებული დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3%-მდე გაიზარდა, რაც 1,8 პროცენტული პუნქტით აღემატება საგაზაფხულო პროგნოზში წარმოდგენილ მაჩვენებელს.

ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში, 2027-2028 წლებში, 5,5-6%-ის ფარგლებში იქნება.

ევროკომისიის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ძალად კვლავ კერძო მოხმარება რჩება. სექტორულ ჭრილში მთავარ დრაივერებად გამოიკვეთა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ფინანსური მომსახურება და გადამამუშავებელი მრეწველობა.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 7,8%-ით გაიზარდა (2025 წელს 7,5%-იანი ზრდის შემდეგ). ამას ხელი შეუწყო საცალო დაკრედიტების მაღალმა ტემპებმა, ფულადი გზავნილების მატებამ, ხელფასების ზრდამ და კერძო ინვესტიციების გაფართოებამ.

ევროკომისიის შეფასებით, უახლოეს წლებში მოსალოდნელია საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნება. ამას, კერძო სექტორის მდგრადობასთან ერთად, ხელს შეუწყობს გადადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლება.

2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქონლის ექსპორტი, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ხარჯზე. იმპორტის შედარებით ნელი ზრდის ფონზე წმინდა ექსპორტმა დადებითი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. საპროგნოზო პერიოდის განმავლობაში საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება.

მოსალოდნელია, რომ 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია დაახლოებით 5,4%-ს შეადგენს, ხოლო ევროკომისიის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

მოხსენების თანახმად, 2026 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს დაახლოებით 33%-მდე შემცირდება. ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ს დაახლოებით 1,3%-ს შეადგენს, ხოლო 2027-2028 წლებში 2%-ზე დაბლა შენარჩუნდება.