საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის საკრედიტო შეთანხმებას (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს სატრანსპორტო ხელმისაწვდომობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი)“.
როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, შეთანხმება ითვალისწინებს კრედიტის გამოყოფას კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. კრედიტის მოცულობა შეადგენს 158 424 310 ევროს, დაფარვის ვადა – 25 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი – 10 წელი.
პროექტის მიზანია ბადიაური – ჩალაუბნის, ჩალაუბანი – ბაკურციხისა და გურჯაანი – თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.