საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის, BridgeGap-ის მონაცემთა ბაზამ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
პროექტის ინფორმაციით, კვლევა მიზნად ისახავს მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემთა ბაზის შექმნას კორუფციის პრევენციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად.
რაც შეეხება კონკრეტულ მაჩვენებლებს:
სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ინდიკატორის (JT-T-Index) მიხედვით, რომელიც აფასებს ისეთ ტექნიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინტერნეტში უზენაესი სასამართლოს სხდომების განრიგისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, ასევე სამთავრობო პორტალზე კანონმდებლობის ხელმისაწვდომობა, საქართველოს მიენიჭა მაქსიმალური ქულა - 10 შესაძლო 10-დან. ეს ინდიკატორი ზომავს ინტერნეტში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხს და არა სასამართლო სისტემის ზოგად ინსტიტუციურ მდგომარეობას.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მაჩვენებლის (jud_ind) მიხედვით, რომელიც ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები აფასებენ სასამართლოების დამოუკიდებლობას მთავრობის ან კერძო სტრუქტურების გავლენისგან, საქართველო 6 ქულით ევროპის ქვეყნებს შორის მე-17 ადგილს იკავებს.
BridgeGap-ის მეთოდოლოგიის თანახმად, ამ მაჩვენებლისთვის გამოყენებულია 2019 და 2021 წლების კვლევების მონაცემები, ვინაიდან მას შემდეგ ამ მიმართულებით ახალი შეფასებები არ გამოქვეყნებულა.
პროექტი BridgeGap წარმოადგენს ოთხწლიან ინიციატივას (2024–2027 წლები), რომელსაც ახორციელებს ევროპული კვლევითი ცენტრების გაერთიანებული სამეცნიერო ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის მხარდაჭერის მიზნით.