საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულ ელისო კილაძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს ჩამოერთმევა 30 ათასი დოლარი და ორი ავტომობილი.
ამ დრომდე სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა განაჩენი საჯაროდ გამოცხადდა.
ელისო კილაძემ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.
კილაძის თქმით, მისი დაკავება „არის პოლიტიკური შეკვეთა, რომლის ავტორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძეა, რომელსაც მხარს უჭერს მისი თანაკურსელი და ბავშვობის მეგობარი გიორგი გვარაკიძე“.
„ეს არ იყო ქოლ-ცენტრების საქმე. ეს იყო სპეცოპერაცია, მიმართული ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისკენ, მისი რეპუტაციული სიკვდილისა და „ქრონიკა+“-ის დახურვისკენ. ბრალს არ ვაღიარებ, უდანაშაულო ვარ და არ ვაპირებ თავისუფლების მოპოვებას არც საპროცესო შეთანხმების გზით და არც სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების ფასად. ჩემი ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ცუდი ადამიანების მგლურ სიმხდალეს დავუჯერე. ჩვენ სიბნელეში ვიბრძვით, რათა სინათლეს ვემსახუროთ. და ეს ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება. ჭეშმარიტება სინათლეა. ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა“, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, ელისო კილაძე მიმდინარე წლის 18 თებერვალს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ფულის გათეთრებას. სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე ვადით.
ელისო კილაძესთან ერთად ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ასევე მიცემულნი არიან ოთარ ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი. ამ პირთა საქმე ცალკე წარმოებად განიხილება.