საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ელისო კილაძის თითოეული ქმედება ინიღბებოდა თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით - ის მოქმედებდა თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებებიდან გამომდინარე და მითითებებს ჯგუფის სხვა წევრებისგან იღებდა, - განაცხადა ფინანსური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ჟურნალისტი ელისო კილაძე თავის შესაძლებლობებს იყენებდა ისე, „როგორც ეს ქოლ-ცენტრის საქმიანობისთვის იყო საჭირო“.
„2020–2023 წლებში სამი სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე, თბილისის სხვადასხვა ადგილას, ხუთი ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. ამ ჯგუფში იყვნენ ორგანიზატორები, რომლებიც უშუალოდ ადგილებზე მმართველობით საქმიანობას ეწეოდნენ. ასევე იყვნენ ფიგურები, რომლებსაც ეკისრებოდათ მფარველებთან და სხვადასხვა პირთან ურთიერთობისა და კავშირების დამყარების მოვალეობა. გარდა ამისა, იყვნენ პირები, რომლებიც მთელი ამ საქმიანობის პროგრამულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ. მფარველებიც მიცემულნი არიან პასუხისგებაში.
მოწმეთა ჩვენებებიდან დადგინდა, რომ ელისო კილაძე თავის შესაძლებლობებს იყენებდა ისე, როგორც ეს ქოლ-ცენტრის საქმიანობისთვის იყო საჭირო.
მისი თითოეული ქმედება ინიღბებოდა თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან მებრძოლის სახით. ის მოქმედებდა თაღლითური ქოლ-ცენტრების საჭიროებებიდან გამომდინარე და მითითებებს ჯგუფის სხვა წევრებისგან იღებდა“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.