საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერიის კამერებით ავტომობილების ფიქსაციის სისტემის მონაცემებით, ერთი დღის განმავლობაში დედაქალაქში 900 ათასამდე ავტომობილი ფიქსირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც ქალაქში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, საუბარი არ არის კამერებთან ავტომობილების გავლის ჯამურ რაოდენობაზე. თითოეული ავტომობილი სისტემაში მხოლოდ ერთხელ აღირიცხება, იმის მიუხედავად, თუ რამდენმა კამერამ დააფიქსირა იგი.
„დღეს მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას - სატრანსპორტო პოლიტიკასა და ქალაქში არსებულ საცობებს. მესმის თითოეული ადამიანის, ვინც ყოველდღიურად გადაადგილდება თბილისის ქუჩებში და საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს.
ვიცი, რას ნიშნავს დილით სამსახურში ჩქარობა, ბავშვის სკოლაში მიყვანა, ხოლო საღამოს, დაღლილს, სახლში დაბრუნების სურვილი, მაგრამ ნაცვლად ამისა საცობში დგომა. ცხადია, ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების მიერ დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ შეეძლოთ თავიანთ ოჯახებთან, შვილებთან და ახლობლებთან გაეტარებინათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური საცობები სატრანსპორტო დატვირთვის ორმაგ ზრდას უკავშირდება.
„საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 948 ათასს მიაღწია. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა.
ამას უნდა დაემატოს ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. ყოველდღიურად დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესის საწარმოებლად და სერვისების მისაღებად. ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსის სახით და სხვა სახის კომერციული საქმიანობისთვის.
ჩვენ არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ: ქალაქის ქუჩების სივრცე უსაზღვრო არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.