საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ-თანის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო კავშირების გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ასევე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში კატარული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა კატარელ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს, ჯგუფ Al Qasr-ის ხელმძღვანელს, შეიხ ნაიფ ბინ ეიდ ალ-თანის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჯგუფის მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო საქმიანობის შემდგომი გაფართოების საკითხები.