პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

საუბრისას შეეხნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში არსებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ყურადღება ასევე დაეთმო საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ვიზიტების მზარდი დინამიკა და ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი.