საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1575-ე სხდომაზე მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული მოხსენების - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, კონსოლიდირებული მოხსენება წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ. დოკუმენტში ასახულია 2026 წლის აპრილიდან სექტემბრამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებული მოვლენები.
„მინისტრის მოადგილეების დონეზე მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მინისტრთა კომიტეტს კონსოლიდირებული მოხსენების მომზადებისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების, ასევე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებების შესახებ. განსაკუთრებით გაესვა ხაზი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობას.
ლაშა დარსალიამ ასევე გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მათზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას. სხდომაზე კვლავ აღინიშნა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა და საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის გაძლიერება.
მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას და დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს კონსოლიდირებული მოხსენებების მომზადების პრაქტიკას.
ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალია ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული მოხსენებების როლს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.