საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. „ვეტინგი გულისხმობს მექანიზმს, რომლის დროსაც უცხოელი ექსპერტები ან დამკვირვებლები გადამწყვეტ როლს შეასრულებდნენ სასამართლო სისტემის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევასა და დანიშვნაში. უცხოელს უნდა ჰქონდეს „გადამწყვეტი ხმა“ - ეს სიტყვასიტყვით წერია ბრიუსელის მოთხოვნაში საქართველოს მიმართ“. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა დამოუკიდებლობაზე უარის თქმა.
„ის, რისთვისაც საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცესში ვიბრძოდით - ჩვენი დამოუკიდებლობა - კვლავ სურთ წაგვართვან. ვეტინგის არსი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვაში მდგომარეობს. თუ უცხოელები დანიშნავენ ჩვენი ქვეყნის მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, მაშინ რა დამოუკიდებლობაზე შეიძლება საუბარი? რა 3000-წლიანი ისტორია, რა დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ილია ჭავჭავაძე? დღეს ბრიუსელი პირდაპირ გვეუბნება, რომ მოსამართლის დანიშვნისას გადამწყვეტი ხმა უნდა ეკუთვნოდეს რომელიმე ესტონელ, ფრანგ ან ბელგიელ ე.წ. ექსპერტს.
სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იმყოფება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ანტიკონსტიტუციური მოთხოვნა არ განხორციელდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც მორიგ ჯერზე აჩვენებს, რომ მარიონეტია და მზად არის ქვეყნის დამოუკიდებლობა გასწიროს იმისთვის, რომ ვიღაცამ წითელი ხალიჩა გაუფინოს, ბრიუსელის რომელიმე კაბინეტში მიიღოს და ხელი ჩამოართვას. აი, რაში მდგომარეობს მათი მარიონეტული ხასიათი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ზურაბ ადეიშვილის დროს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„პირველ წლებში, როდესაც ხდებოდა ქონების წართმევა, ტელეარხებისა და მედიის საქმიანობის შეზღუდვა, ხოლო ძალადობა ნორმად იქცა, ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. დღეს ნონა წოწორია მოლდოვაში წყვეტს, ვინ გახდება მოსამართლე ამ ქვეყანაში. ეს არის ადამიანი ასეთი რეპუტაციით, ასეთი წარსულითა და კეთილსინდისიერების ასეთი გაგებით.
კეთილსინდისიერებას ამოწმებს ადამიანი, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილის რანგში საქართველოში წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო. ის ასევე იყო ქონების წართმევის სისტემის შექმნის თანამონაწილე გენპროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, დღეს კი სხვა ადამიანების კეთილსინდისიერებას ამოწმებს.
რაც შეეხება უკრაინას, იქ უშუალოდ თანამდებობაზე იმყოფება ადეიშვილი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს სასამართლო სისტემაში ადამიანების გაგზავნასა და დანიშვნაში. როდესაც ბრიუსელის ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ბრიუსელის ღირებულებები არის ზურაბ ადეიშვილის, ნონა წოწორიასა და მიხეილ სააკაშვილის ღირებულებები. აი, როგორია ბრიუსელის ღირებულებები კეთილსინდისიერების გაგების თვალსაზრისით. ბრიუსელის გაგებით კეთილსინდისიერება სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.