აქტუალური
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან.

გიორგი ცინცაძემ სტუმარს გააცნო ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ქალაქის განვითარების მიმართულებები.

მხარეებმა განიხილეს ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარება, ბიზნესგარემო, ინვესტიციები და შრომის ბაზარი, ასევე მერიის სამომავლო გეგმები.

კორტნი ოსტრიანმა აღნიშნა ბათუმისა და აჭარის რეგიონის მნიშვნელობა საერთაშორისო სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით.

ბათუმის მერის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ასპარეზზე ორმხრივი ურთიერთქმედების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბათუმი მზად არის ამერიკულ მხარესთან მჭიდრო პარტნიორობა გააგრძელოს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმსა და აშშ-ის ქალაქებს შორის დაძმობილების ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ კონტაქტები ქალაქებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით.