აქტუალური
ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას პოლიტიკური შანტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდა

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა ჰქონდეს, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, უადგილოა და რეალური ვითარების დამახინჯებულ წარმოდგენას ეფუძნება.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღიარებული რუსეთის ფედერაციისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ. ეს არის ფაქტი, რომლის იგნორირებაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ არ შეუძლია. სირიის არაბული რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი აღიარება არის პოლიტიკური ნაბიჯი, გადადგმული საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაში და ასახავს სწრაფვას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისკენ“, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.

მათი თქმით, მცდელობა, დაუკავშირონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის შეთანხმების პირობებს, ასევე „რესპუბლიკის“ მიმართ ტერმინის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - გამოყენება მიუღებელია.

„სამხრეთ ოსეთი კვლავაც გააგრძელებს თავისი საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და გაფართოებას, მათ შორის სირიასთან, ამ პროცესისადმი საქართველოს მხრიდან გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად“, - აღნიშნავენ ე.წ. სამინისტროში.

ე.წ. უწყებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა „სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შეფასებისას უფრო აწონ-დაწონილი და ობიექტური მიდგომისკენ და პოლიტიკური შანტაჟისა და სხვა ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების რევიზიის მცდელობებზე უარის თქმისკენ“.