აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა, რადგან ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ იმიტომ გაიზარდა, რომ ისინი ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - აქედან მარტივი დასკვნაა: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, ესე იგი, შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებენ ბრიუსელი და მისი ელჩი, მით უფრო სწორად, ესე იგი, ვიქცევით ჩვენ და ჩვენი ხალხი მოგებული იქნება, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროკომისიამ საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, ხოლო მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში - შეამცირა. პაპუაშვილის თქმით, „ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, უნდა ვენდოთ თუ არა ბრიუსელს“.

„უკრაინის შემთხვევაში გასაგებია და ომი ბევრ რამეს ხსნის. ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენელი გვეუბნებიან, რომ მოლდოვა საქართველოზე მეტ სიკეთეს მიიღებს. რაში გამოიხატება ეს სიკეთე?! დაბალი პროგნოზი, რომელიც დაახლოებით 2% ჰქონდათ, ისიც შეუმცირეს, რადგან არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და, რაც მთავარია, თავიანთი რჩევებით მოლდოვას აზიანებენ.

2021 წელს, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, 1 კუბური მეტრი გაზი მომხმარებლისთვის მოლდოვაში 65 თეთრი ღირდა, ხოლო საქართველოში - 56 თეთრი. დღეს 1 კუბური მეტრი მომხმარებლისთვის მოლდოვაში 3 ლარი და 65 თეთრი ღირს, ხოლო საქართველოში - კვლავ 56 თეთრი.

მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ იმიტომ გაიზარდა, რომ ისინი ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან. ისინი ზრუნავენ არა იმაზე, რომ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები და, შესაბამისად, დაბალი ფასები ჰქონდეთ, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღონ ბრიუსელისგან დადებითი შეფასებები.

აქედან მარტივი დასკვნაა: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, ესე იგი, შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ. ჩვენთვის ეს ერთგვარი ტესტია. რაც უფრო მეტად შეგაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებენ ბრიუსელი და მისი ელჩი, ესე იგი, მით უფრო სწორად ვიქცევით და მით უფრო მეტად იგებს ჩვენი ხალხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.