საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების რემონტზე გამოყოფილი სახსრების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე შემოწმება მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს, რის შემდეგაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
მერის თქმით, შესაბამის კითხვაზე პასუხისას, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც დადგინდება, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„ალბათ იცით, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, მასალები კომპეტენტურ უწყებას გადაეგზავნა გამოძიების დასაწყებად. საუბარი, სავარაუდოდ, დოკუმენტების გაყალბებას ეხება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. არავინ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დაუსჯელი არ დარჩება. ყველა, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერიის მხრიდან შესყიდვისა და ტენდერის ჩატარების ყველა პროცედურა გამჭვირვალედ განხორციელდა, ხოლო „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი არ არის.
„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თავად პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდა, ტენდერი დადგენილი წესების შესაბამისად გამოცხადდა. ეს გარკვეულწილად სპეციფიკური და სხვებისგან განსხვავებული საქმიანობის სფეროა. არსებული მეტროს ვაგონები რუსული წარმოშობისაა, ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა დროისაა. შესაბამისად, მათი აღდგენისთვის საჭირო დეტალების მოძიება და შეძენა მხოლოდ რუსულ ბაზარზე იყო შესაძლებელი. ამიტომ, თუ ვინმე საქართველოს ფარგლებს გარეთ დოკუმენტებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს საიდან უნდა სცოდნოდა ამის შესახებ? მიუხედავად ამისა, იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს გადავუგზავნეთ, გამოძიება დაწყებულია და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება მის შედეგებს უნდა დაელოდოს.
„მერია არ არის საგამოძიებო ორგანო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, კერძოდ ტენდერის სწორად გამოცხადებისა და სატენდერო პროცედურების დაცვის ნაწილში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.