საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველმა ფერმერებმა 13 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი გამოიმუშავეს, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო.
მთლიანი თანხიდან 1 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო სუბსიდიებმა შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ხილის გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ 10,5 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი მიიღო.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხილის მიღებას ახორციელებენ გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
სახელმწიფო სუბსიდია ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე 0,1 ლარს შეადგენს, იმ შემთხვევაში, თუ ჩაბარების ფასი კილოგრამზე 0,25 ლარია.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებული ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
ვაშლი, ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად საექსპორტო სახეობებს შორის შედის. ვაშლის მოსავლის აღება სექტემბრის პირველ რიცხვებში იწყება.