საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ერთი გავარდა რუსებთან და ვინ?! ვიღაც უსახელო და უგვარო! თანაც სად?! ფაქტობრივად მტრის ველზე! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „მინსკში ღალატს“ უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დაგეგმილ შეხვედრას.
ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ პარტიების აკრძალვის შემდეგ აიკრძალება ნებისმიერი კრიტიკა და განსხვავებული აზრი, საბოლოოდ კი საქართველო რუსეთის ჩეჩნეთად იქცევა.
„მოძალადე ქმარი, რომელიც ცოლს სახის ძვლებს უმტვრევს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში იკავებს თავს - თუ ქალი კანონის, მართლმსაჯულების, მეზობლების, მეგობრების, ნათესავების დახმარებას მიმართავს… ასეთ სიტუაციაში აგრესორი თავს ხრის და მხოლოდ მსხვერპლის იზოლირების შესაძლებლობას ელოდება…
და აი, ინებეთ, ერთი გავარდა რუსებთან და ვინ?! ვიღაც უსახელო და უგვარო! თანაც სად?! ფაქტობრივად მტრის ველზე! გეტყვით, რომ ეს ვიღაც „ტიპი“ ახლა იქ კრამიტების მტვრევას დაიწყებს! საკმარისია ერთი შეუყვირონ… რომ არ გავაგრძელო, ჩემს თვალსაზრისს გადმოვცემ.
პირისპირ რუსებთან, მტერთან - მინდა გამოვეხმაურო „მინსკში ღალატს“.
ქვეყანა იკეტება, კაციჭამია ივანიშვილი მას სრული იზოლაციისკენ მიაქანებს! მოსალოდნელია უკიდურესი ეკონომიკური კოლაფსი! 5-ლარიანი ბენზინი მიუწვდომელი ფუფუნება გახდება! 1 დოლარის ღირებულება 4 ლარს გადააჭარბებს, საქართველო ყველა საერთაშორისო სისტემიდან გაირიცხება, ლარის კუპონიზაცია 3–4-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება, ევროპა ჩვენი მოქალაქეებისთვის დაიკეტება! საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში „ბიზნესის“ მდგომარეობა უკიდურესად გართულდება და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში უკვე ოპოზიცია უნდა აიკრძალოს! ასევე ამ პერიოდში ტელეარხები უნდა აიკრძალოს! „ფეისბუკი“, „იუტუბი“ და სხვა სოციალური პლატფორმები კრიმინალიზებული იქნება, ხოლო განსხვავებული აზრი საბოტაჟის მუხლით დაისჯება!
მოკლედ, სწორედ ასეთი „აპოკალიფსი“ ელის ჩვენს სამშობლოს! „კარგი რა, აზვიადებს, ან რა სისულელეებს წერს“ - ამასაც ნახავთ, თუ მხოლოდ კლავიატურისა და პულტის იმედად ვიქნებით! შემდეგ მისი დინასტიის თაყვანისცემას მოითხოვენ! თუ ასე „მონურად“ მოვიქცევით, მას ხელს არაფერი შეუშლის! ძაფამდე გაგძარცვავენ და პასუხის მომთხოვნი არავინ იქნება! პარტიების შემდეგ ნებისმიერ კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს აკრძალავენ! და ბოლოს რუსეთის ჩეჩნეთად ვიქცევით.
პატივისცემით, სამარტოო საკანი - ხაბე“, - წერს ხაბეიშვილი.