აქტუალური
ლევან ბეჟაშვილი: „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრად უფრო ვერაგული გეგმა აქვს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მხრიდან იყო ნარატივი: „ჩვენ შეგიქმნით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას“, ხოლო თქვენ უარი უნდა თქვათ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობაში რუსული მიდგომა გავლენის საკუთარი ტერიტორიის მონიშვნაში მდგომარეობს.

„გახსოვთ, კობახიძემ გააკეთა განცხადება და ოფიციალურად დაამყარა რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი, წარადგინა დიპლომატი, ანუ მინისტრის მოადგილე. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მხრიდან ისმოდა ნარატივი: თითქოს მოგცემთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას - შევქმნით ასეთ პერსპექტივას, თქვენ კი უარი უნდა თქვათ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს არის საქართველოსთან ურთიერთობაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, რუსული ქცევის მოდელი - მონიშნოს გავლენის საკუთარი ტერიტორია. ამიტომ წლებია ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქცია. ქვეყნის იზოლირებისთვის ისმოდა ბრალდებები ევროკავშირის მისამართით - „დიპ სტეიტი“ და ა.შ., რათა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიმართ ინტერესი დაეკარგათ. „ქართულმა ოცნებამ“ ამას მიაღწია და დღეს სურთ რუსული ნარატივი ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე გაამყარონ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უფრო „ვერაგული გეგმა“ აქვს.

„სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების პროცესი დაიწყებოდა, ჩვენ ვაცხადებდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ საქმე მხოლოდ პარტიების გაუქმებას არ ეხება, „ქართულ ოცნებას“ ბევრად უფრო ფარული და ვერაგული მიზანი აქვს. პირველ რიგში, ქვეყანაში დემოკრატიული პლურალიზმის გაუქმება და პოლიტიკური ველის მოსწორება; მეორე, „ქართული ოცნების“ მთავარი და პრინციპული მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთს მიანიჭოს ვეტოს უფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე. თურმე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისთვის ხელის შეშლა ყველა პარტიის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაა. ამ ცნებაში შეაქვთ ნებისმიერი წინააღმდეგობა. მაგალითად, თუ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვ, ეს ფასდება, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის დარღვევა; თუ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციების მიღებას ითხოვ... ზოგადად, აქვე შედის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ევროკავშირსა და ნატო-ს ეხება. შემთხვევითი არ არის, რომ მოსამართლეები ამ კითხვებსაც სვამენ. ხომ გესმით, რომ მათ სურთ 78-ე მუხლის გამოშიგვნა და მისი შინაარსის დაკარგვა.

გუშინ, ყველასთვის სრულიად მოულოდნელად, დაისვა აბსოლუტურად არარელევანტური კითხვა, ერთი მხრივ, შეფარული ფორმით, თითქოს სამეცნიერო კონფერენციაზე ვიმყოფებოდეთ ან რაღაც კონფლიქტოლოგიურ საკითხებს ვსწავლობდეთ: „ევროკავშირი და ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობა - რომელს აირჩევდით, რომ შემოეთავაზებინათ?“. ეს დაისვა ჰიპოთეტურ დაშვებად, თუმცა საქართველოში არცერთი პოლიტიკური პარტია საკითხს მსგავსი ფორმით არ სვამს და არც არასდროს დაუსვამს.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არ ყოფენ ამ საკითხებს ასეთი სახით - ევროკავშირი თუ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების პარტნიორების მთავარი მოთხოვნებია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, მთელ მსოფლიოში ამ საკითხის ლობირება, ასევე საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატო-ში - ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

დასასრულ, საზოგადოებას შევახსენებ სირიაში კაია კალასის განცხადებას, რომელიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე გაკეთდა, ვინაიდან სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. ევროპამ სირიას აღიარების შესახებ განცხადების უკან გაწვევის მოთხოვნა წაუყენა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.