საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის წარმომადგენელს ხვდება, თანაც შეხვედრა ბელარუსში იმართება, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციონერის თქმით, ხელისუფლება რუსეთთან ადრე არსებული „ფარული არხების“ ოფიციალურ გაფორმებას იწყებს.
„ზურაბაშვილი სინამდვილეში სწორედ ამისთვის დანიშნეს - ხდება რუსეთთან კავშირის ამ ფარული არხების ოფიციალური გაფორმება. ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც ჟენევის ფორმატის ფარგლებში ჩვენი მომლაპარაკებელი უნდა იყოს, სინამდვილეში იმავე ადამიანებს მინსკში ხვდება (ადამიანებში რუსებს ვგულისხმობ და არა დასავლეთის წარმომადგენლებს), მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება უკვე ოფიციალურად და ღიად დგამს ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით. სწორედ ოფიციალურად და ღიად - ამას ხაზი უნდა გაესვას. თუმცა, მანამდეც, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ისედაც ფარული არხებით ხდებოდა, მეტ-ნაკლებად რიტორიკის დონეზე. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, უკვე სრულიად გასაგები და აშკარაა. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ დიახ, ჩვენ შევცვალეთ შეხვედრების გამართვის ადგილი, ახლა რუსებს მინსკში ვხვდებით. მაგრამ რა საკითხზე?! ამაზე არ საუბრობენ…
შეუძლებელია ამის კეთილსასურველ შუქში წარმოჩენა, ზურაბაშვილი სავაჭრო წარმომადგენელი არ არის. შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობები ვაჭრობის თვალსაზრისით რომ განხილულიყო, ეს გასაგები იქნებოდა, თუმცა ეს ადამიანი სავაჭრო წარმომადგენელი არ არის“, - აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, რომ სავაჭრო საკითხებზე შეხვედრის ორგანიზება სხვა ქალაქში შეიძლებოდა.
„შეგახსენებთ, რომ ბელარუსი ანტიუკრაინული კოალიციის წევრია და ახლა ეს ქართველი გიორგი ზურაბაშვილი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო გაერთიანების ტერიტორიაზე იმყოფება. მოლაპარაკებები უშუალოდ საქონელს, ემბარგოს რომ ეხებოდეს, შეხვედრის გამართვა სხვა ადგილას შეიძლებოდა. ასევე შეიძლება თქვან, რომ საუბარი სწორედ ამაზეა, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. რუსეთთან ღიად და ხაზგასმით აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თანაც ბელარუსის ტერიტორიაზე.
დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ სახელწოდება არ არის, დიპლომატიური ურთიერთობები რეალურ ნაბიჯებს გულისხმობს. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის წარმომადგენელს ხვდება, თანაც შეხვედრა ბელარუსში იმართება, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“, - განაცხადა გვარამიამ.