რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახლად ნაკურთხ ტაძარს მოილოცავს

patriarqiXXთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს კიკეთში ახლად ნაკურთხ ტაძარს მოილოცავს და პარაკლისს გადაიხდის.  კიკეთში აშენდა ტაძარი, რომელსაც ორი ტრაპეზი აქვს და წმიდა მოწამე პატრიარქი კირიონისა და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სახელზე იკურთხება. მიტროპოლიტი შიო მუჯირი დღეს ტაძარს აკურთხებს და წირვას აღავლენს. 11:30 საათისთვის კი ტაძარში უწმიდესი მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის.

ეპისკოპოსი კირიონ II საძაგლიშვილი 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ეკლესიის სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. წმიდა კირიონ კათალიკოსი 1918 წლის 26 ივნისს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში მოკლული იპოვეს. წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმინდანთა დასში შეირაცხა.

წმ. ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) 1944 წელს ზედაზნის მონასტერში აღესრულა. იგი მონასტრის იღუმენი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საეკლესიო საგალობლების შეგროვებასა და შენარჩუნებაში. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 6000-მდე საგალობლისგან შემდგარი 34 სანოტო კრებული.