სამართალი
ახალი გზა ძეგლის გადასარჩენად

oSkiთბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ნიუ იორკიდან საქინფორმს ქალბატონმა ირინე გივიაშვილმა მეტად აქტუალური ინფორმაცია გადმოსცა. საქმე ეხება ტაო-კლარჯეთში მდებარე შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს – ოშკის ტაძარს, რომელიც  ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund, შემოკლებით WMF) 2012 წლის საზედამხედველო ძეგლთა სიაში მოხვდა.

„თურქეთში მდებარე ქართული ძეგლის მდგომარეობის გამო განგაშს უკვე მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია იწყებს.

„World Monument Fund“-ის ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. 1996 წლიდან მოყოლებული, ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით განადგურების პირას მყოფი ძეგლების სიას და მათ გადასარჩენად მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, დონორებსა და მასმედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სტატისტიკის თანახმად, ამ ძეგლების 80 პროცენტს „World Monument Fund“-ის ჩარევის შემდეგ რესტავრაცია ან კონსერვაცია ჩაუტარდა“, – ნათქვამია გზავნილში.

პროექტის სპიკერი ირინე გივიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ მსოფლიოს 40 ქვეყნიდან  წელს 67 ძეგლი შეირჩა, რომელთა შორისაა სწორედ ოშკის ტაძარი. ტაძრის შესახებ ფონდმა საკუთარ საიტზე სპეციალური გვერდი შექმნა, http://www.wmf.org/project/oshki.

მომზადდა და გამოქვეყნდა შესაბამისი პლაკატიც.

„იმედია, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლის დაცვა მიღწეული იქნება“, – ვკითხულობთ საიტზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის 12 ოქტომბერს, 16.00 საათზე, გაიმართება საგანგებო პრესკონფერენცია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში (თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა №5).