სამართალი
პოლიციამ ორი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

Woman-killedპოლიცია თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გუშინ გაჩენილ ხანძარს განზრახ მკვლელობის დაფარვას უკავშირებს. დამწვარ ბინაში ნაპოვნი 33 წლის თამუნა ჩონგლაძე და 17 წლის ინგა თუშიშვილი, სავარაუდოდ, ხანძრამდე იყვნენ მოკლულნი.

სამართალდამცველებს ამის საფუძველი აბაზანასა და კიბეებზე აღმოჩენილმა სისხლის კვალმა მისცა, რაც შემდგომ ექსპერტიზამაც დაადასტურა. ორივე ქალს გულმკერდის არეში ჭრილობები აღმოაჩნდათ. პოლიციამ ტოტალიზატორის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული ფირი ამოიღო, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცია აღბეჭდილი. ეჭვმიტანილი მამაკაცი - გია თოიძე უკვე დაკავებულია.

როგორც ირკვევა, დამნაშავემ ბინაში ხანძარი მკვლელობის ფაქტის დასაფარად გააჩინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მეტრო „მარჯანიშვილთან“ ახლოს, აღმაშენებლის № 83-ში დღის პირველ საათზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლწაკიდებულ ბინაში ორი ქალის დამწვარი ცხედრები აღმოაჩინეს.