რელიგია
ილია მეორე: „ღმერთმა ინებოს, რომ ბოროტება, რაც ჩვენშია, სიკეთით და სიყვარულით შეიცვალოს“

patriark_gruziiთბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ადამიანის ბუნების სირთულეზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ადამიანი ღვთის ქმნილების გვირგვინია, მისი სულიერი თუ ფიზიკური ბუნება იმდენად რთულია, შეუძლებელია, მას ოდესმე ჩასწვდე.

„ადამიანი თავისი ფიზიკური და სულიერი შემადგენლობით უდიდესი სასწაულია. თუნდაც ის, როგორ არის შერწყმული სული და ხორცი – როგორც კი ამოვა სული ადამიანიდან, ხორცი კვდება. დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება ადამიანიც. სოლომონ ბრძენი ამბობდა – ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს ქვების შეგროვებისა, ჟამი არს ქვების ტყორცნისა. დროის ცვალებადობის ანალიზი საკმაოდ რთული პროცესია, რასაც, ასევე, ვერ ჩავწვდებით ბოლომდე. ადამიანმა ეს ყველაფერი თავმდაბლად უნდა მიიღოს, რადგან, ე.ი. მისთვის არ იყო საჭირო ამ ყველაფრის ცოდნა. თუ ყველაფერი ეცოდინება ადამიანს, იგი ამპარტავნებისგან დაიღუპება“, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა იმპერატორ ნერონის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის ქრისტიანების წამებით ტკბებოდა. პატრიარქის განცხადებით, დღესაც ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც სხვების ტანჯვა სიამოვნებას ანიჭებს. „ნერონი თავის ბაღში ხეებზე აკრავდა ქრისტიანებს და ცოცხლად წვავდა. რომაელებმა მაშინ თქვეს – ადამიანი ადამიანისთვის მგელია. თანდათან მოდის ეს დრო. ყოველი დღე გვაახლოებს სასუფეველს და უნდა ვიფიქროთ ამაზე. ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი და სიბრძნე, რომ ვიცოდეთ, ვინ ვართ ჩვენ. ადამიანებს უყვართ სისხლის ყურება, ადვილად შეუძლიათ სხვების გამეტება. იმდენად დაეცა სულიერად ადამიანი, რომ ბავშვები კლავენ ერთმანეთს“, – ბრძანა პატრიარქმა და დასძინა, რომ აუცილებელია, როგორც სასულიერო პირებმა, ისე მშობლებმა და მასწავლებლებმა იფიქრონ, როგორ ჩაუნერგონ ბავშვებს სიკეთის სიყვარული.

„ღმერთმა ინებოს, რომ ბოროტება, რაც ჩვენშია, სიკეთით და სიყვარულით შეიცვალოს“, – ბრძანა უწმიდესმა.