პოლიტიკა
რა უჯდება სააკაშვილს შელახული იმიჯის აღდგენა?

DailyNationთბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც გამოცემა „Daily Nation“ წერს, საქართველოს მთავრობამ ამერიკულ პიარკომპანიებთან კონტრაქტები გააფორმა. მათ შორისაა „Podesta Group“. გამოცემის ცნობით, ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2010 წელს აშშ-ში ვიზიტის მოწყობაში დაეხმარა. ეს ვიზიტი კი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სააკაშვილისთვის პირველი იყო.

საქართველომ ლობისტურ ფირმასთან 300 000 დოლარის ღირებულების ექვსთვიანი კონტრაქტის ვადა გააგრძელა. კომპანიის მიერ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, „Podesta Group“-მა ლობირება უნდა გაუწიოს საქართველოს ინტერესებს და დაეხმაროს მას კავშირების დამყარებაში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრესასთან. გარდა ამისა, მისი ვალდებულებაა ქართველი პოლიტიკოსებისთვის შეხვედრების მოწყობა ამერიკელ კონგრესმენებთან. წარსულში სააკაშვილი შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის –  უმცროსი ჯორჯ ბუშის ფავორიტი და დასავლური ტელეარხების ხშირი სტუმარი იყო. ის ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიას განასახიერებდა. თუმცა მისი პოზიცია მას შემდეგ გართულდა, რაც ევროკავშირმა 2008 წლის აგვისტოს კავკასიურ კონფლიქტზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში ომი საქართველომ დაიწყო“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, ერთ დროს თბილი ურთიერთობები თბილისსა და ვაშინგტონს შორის მას შემდეგ გაცივდა, რაც ბუშმა თეთრი სახლი დატოვა. „Podesta Group“-თან კონტრაქტი ერთადერთი შეთანხმება არ არის, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა გააფორმა. მსგავსი მოქმედი კონტრაქტი არსებობს ანალოგიურად გავლენიან ლობისტურ კომპანიასთან ვაშინგტონში – „Gephardt Government Affairs“-თან. მის ოფიციალურ ვებგვერდზე კომპანია წერს, რომ ხელი მოაწერა 430 000 დოლარის ღირებულების ერთწლიან კონტრაქტს საქართველოს მომსახურების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის სრულ ქართულ ვერსიას foreignpress.ge ავრცელებს.