პოლიტიკა
ჯონ ბასი: „საქართველოში სახლში ბევრთან ვყოფილვარ, ივანიშვილი ერთ-ერთი მათგანია“

biz-dipkorpთბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირს ან პარტიას, არამედ მთელ რიგ შედეგებს. „მიმაჩნია, რომ ხალხი ცდილობს, ამოიცნოს გარკვეულ საკითხებში რაღაც სიმბოლური. ჩემი შეხედულებით, ეს ასე არ არის. ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს ვესაუბრებით სხვადასხვა ადგილას. საქართველოში ბევრ სხვადასხვა სახლში ვყოფილვარ, ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მათგანია. ადამიანებთან გავაგრძელებთ საუბარს იმ ადგილას და იმ დროს, როგორც ეს იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ბასმა.

ელჩის თქმით, გასულ კვირას ივანიშვილთან შეხვედრისას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სურდათ, მიეღოთ ინფორმაცია ივანიშვილისგან, რადგან ის იწყებს პოლიტიკურ კარიერას და დიპლომატებს აინტერესებდათ, რა მოსაზრებები აქვს მას, რა მიაჩნია გამოწვევად საქართველოსთვის და რა გამოსავალს სთავაზობს ის საზოგადოებას.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და ეს შედეგები იყოს საზოგადოებისათვის მისაღები. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნების ციკლი იყოს ლეგიტიმური და დემოკრატიული“, – აღნიშნა ბასმა.