პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „პასპორტის შემთხვევა ჩემთვის კოზირი იყო“

biz-pasportთბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიოციონერ მაგნატ ბიძინა ივანიშვილს მის რუსულ პასპორტსა და „რუსულ პროექტობაზე“ საუბარი აღარ სურს. „დაანებეთ ამ თემას თავი. ეს თითიდან გამოწუწნულია – თუ როგორც არის ეს სიტყვა, რასაც ქართველი პოლიტიკოსები ასე ხშირად ხმარობენ“, – ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას. მის მიერ რუსული პასპორტის ჩაბარება „იმის საპირწონე ნაბიჯი ხომ არ არის, რომ ხელისუფლებამ ის „რუსულ პროექტად“ მონათლა?“

„მე-9 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ. ჩემი ხელწერა და ჩემი ცხოვრების წესი ქართველებისთვის გასაგებია. ძალიან გთხოვთ, უფრო საინტერესო შეკითხვები დამისვათ. ეს კითხვა არა საზოგადოებას, არამედ მიხეილ სააკაშვილსა და მის მთავრობას აქვს, რადგან მათ სხვა მეტი სათქმელი და არგუმენტები არაფერი აქვთ და ამ თემას მისდევენ. ისინი ამ თემის გაღრმავებას მოახდენენ და მე მათ უფრო მეტს ვუპასუხებ. ეს კითხვები გოკა გაბაშვილს, ბატონ ნუგზარ წიკლაურს აქვთ და მათ იდეოლოგებს, თუმცა ამით ფონს ვერ გავლენ, ქართველ საზოგადოებას დააბნევენ და მათ აცადეთ, ძალიან გთხოვთ“, – მიმართა ჟურნალისტს ივანიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ბიზნესმენის აზრით, „სააკაშვილმა ეს საკუთარი გუნდის დაშლის შიშით გააკეთა“. „მე მიხეილ სააკაშვილის ხასიათი ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ეს არის მისი უბედურება მხოლოდ და აუცილებლად სააკაშვილი იტყოდა – „ოღონდ ამ სიტუაციაში არაფერი მოხდეს და ოღონდ ეხლა გადავიტანოთო“. ასე ცხოვრობენ ესენი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მისთვის „პასპორტის შემთხვევა კოზირი იყო და ამით ხელისუფლებამ თავი ძალიან ცუდ დღეში ჩაიგდო“.

„აშკარად შეეშინდათ და შიშის საფუძველზე პასპორტი ჩამომართვეს და, რა თქმა უნდა, იმ სტრუქტურებს, ვისაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში გარევა ევალებოდა, არავინ შეეკითხა. სამმა თუ ოთხმა კაცმა, როგორც მათი წესია, ეს გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ თუ მე ამ გზით არჩევნებიდან გამთიშავენ, არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება და ამის განცდა მათ ტყუილად აქვთ“, – დასძინა ივანიშვილმა.