პუბლიკაციები
ირაკლი ალასანია: „ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს რუსეთისა და დასავლეთის გეოპოლიტიკური შეთანხმების საგნად“

an-anonsბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის 12 ოქტომბრის წერილში, რომელმაც ქართველი საზოგადოება შოკში ჩააგდო, საუბრობს იმ პოლიტიკურ პარტიებსა და ფიგურებზე, რომლებთანაც თანამშრომლობას აპირებს. მათ შორისაა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია. „პირველ რიგში, მინდა, ვახსენო „რესპუბლიკური პარტია“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით. თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, ირაკლი ალასანიასა და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობთ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი ალასანიას ინტერვიუს  – საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“.

ბატონო ირაკლი, მოსწონს თუ არა ხელისუფლებას, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოჩენამ ახალი რეალობა შექმნა,  ყველაფრის მიმართ ხელჩაქნეულ საზოგადოებაში რაღაც იმედის ნაპერწკალი გააჩინა. ამან კი, თავის მხრივ, ხელისუფლების საშინელი რეაქცია გამოიწვია, რომელმაც ძალადობისა და აგრესიის სახელისუფლო მანქანა კვლავაც აამოქმედა. რით შეიძლება საზოგადოება ამას  დაუპირისპირდეს?

– ივანიშვილის მართლაც გაბედულმა გადაწყვეტილებამ – შემოვიდეს აქტიურ საჯარო პოლიტიკაში, ქართული პოლიტიკის რეალობაც, დინამიკაც და ძალთა გადანაწილებაც რადიკალურად შეცვალა, რადგან, რამდენადაც ვიცი, საქართველოში ეს ადამიანი მხოლოდ ქველმოქმედებდა. სოფლებშიც კი, ხალხში ის იმედი დავინახე, რომელიც ამ პიროვნების პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირდება. ჩვენი პარტნიორობაც სწორედ ერთნაირმა პოზიციამ – ეროვნული  სახელმწიფოს შექმნის  ხედვის თანხვდომამ განაპირობა; იმან, თუ როგორ და რატომ უნდა დავამარცხოთ მონოპოლია ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც და მედიაშიც. სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საზოგადოებისა და პოლიტიკური ქმედების ყველა სივრცე  ჩაკლა და ჩაკეტა. ამ ჩაკეტილი სივრცის გასარღვევად ქვეყნის სწორი განვითარების ერთადერთი გზა სააკაშვილისა და მისი ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა რჩება. ამავე დროს,  ჩვენ (გულისხმობს მის პარტიასა და ბიძინა ივანიშვილს, – ბ.ა.) ვთანხმდებით იმაშიც, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებსა და საკონსტიტუციო გზით უნდა შეიცვალოს, რაც, თავისთავად, არჩევნებში ამ ძალის დამარცხებას გულისხმობს. მეორე მხრივ, ხელისუფლების ის რეაქცია – რა ძალადობა და აგრესიაც მან უცებ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოავლინა (და მე მას „სახელისუფლებო ექსტრემიზმი“ დავარქვი ) – ადამიანს  ჩამოართვეს მოქალაქეობა, მისი ბანკის ერთ-ერთი მანქანა დააყაჩაღეს, დაცვას განიარაღება მოსთხოვეს... ეს ხელისუფლების მხრიდან ორ მიზანს ისახავს: ერთი, რომ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე  ფსიქოლოგიური ტერორი მოაწყონ, და მეორე, ისეთი ნაბიჯებისკენ უბიძგონ, რაც, მათი გათვლით, დასავლეთის თვალში ბიძინა ივანიშვილის „დემონიზაციას“ მოახდენს და მას „პრორუსულ-პუტინისეულ ძალად“ წარმოაჩენს. ეს მათ არ გამოუვათ, რადგან, მიუხედავად მათ მიერ დასახული გეგმებისა და მიზნებისა, მათ უკვე ამის აღსრულების აღარანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ – დასავლეთს სააკაშვილის აღარ სჯერა. ახლახან ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა ჰილარი კლინტონის მოადგილის პირით – სააკაშვილს კიდევ ერთხელ „უთხრეს“, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლება სრულფასოვნად უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, მე მისი ისტერიკისა და რეპრესიული რეჟიმის კიდევ უფრო გააქტიურებას ველი. ერთადერთი, თქვენ შეკითხვა დასვით – როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ასეთ რეჟიმს? – ბუნებრივია, ეს უნდა იყოს  გონივრული, წინდახედული ნაბიჯები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ სამოქალაქო სოლიდარობაზე უნდა დამყარდეს. ესკი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, ერთად უნდა შევძლოთ ამის გაკეთება. შევძლოთ ის, რომ საზოგადოება ქაოსში კი არ გადავიყვანოთ, არამედ საზოგადოებას  სამოქალაქო თანადგომის კონკრეტული სტრუქტურული ორგანიზება შევთავაზოთ.

ამის ორგანიზებულად გაკეთების უნარი ივანიშვილისა და ჩემს პოლიტიკურ ერთობას ნამდვილად შესწევს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე  ერთმანეთთან  შეხება არ გვქონია, აღვნიშნავ, რომ საგარეო პოლიტიკური კუთხითაც,  დღეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი პარტნიორობის შედეგად შეიძლება იშვას, მთელი მსოფლიოსთვის მისაღები იქნება. ჩვენი მიზანია,  საქართველო ისეთი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების გეოპოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდეს, როგორიც არის რუსეთი და დასავლეთი. ჩვენს მთავარ ამოცანას,  კულტურულად, ეკონომიკურად და  სივრცობრივად, ევროპის ნაწილად გახდომა წარმოადგენს. ამაში კირუსეთთან ასეთი დაპირისპირება გვიშლის ხელს.  ჩვენსა  და ივანიშვილის ხედვებს  ამ საკითხშიც თანხვედრა აქვს.

– რაც შეეხება ქუჩაში პროცესების გადატანას, ამაზე ივანიშვილიც საუბრობს და საზოგადოებრივი სექტორიც.  ვაცნობიერებთ, რომ ქუჩა არის ის სფერო, სადაც ხელისუფლებას პროცესების მაქსიმალური ესკალაციისა და რეპრესიების დაწყების შანსი ეძლევა. ამით ხელისუფლებას შეუძლია როგორც თავად ივანიშვილის (ეს შესაძლოა მისი დეპორტაციის ან დაკავების საბაბი გახდეს), ისე მშვიდობიანი მოსახლეობის გამოწვევაც. საზოგადოებრივი სექტორის მიერ ჩატარებული ანალიზი არ გულისხმობს ივანიშვილის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნას ან მის კერპად გადაქცევას. უბრალოდ, ეს არის მოულოდნელად გაჩენილი გამოსავალი და შესაძლოა, საზოგადოებისთვის – საბოლოო შანსი. ამ შემთხვევაში, არ მოვერიდები ბატონი შალვა ნათელაშვილის კრიტიკასაც, რომელსაც ყოველთვის ეკავა ეროვნული ნიშა. მის მიერ დაგეგმილ აქციას ხელისუფლებამ შესაძლოა, აქეთ „მიაშველოს“ თავისი აქტივისტები. დღეს ხომ ქუჩაში გამოსვლის მოწოდება ხელისუფლების „წისქვილზე დაასხამს წყალს“...

– გეთანხმებით. ჩვენ საზოგადოების ემოციისგან დაცლის ფუჭად გასროლილი მაგალითიც ბევრი გვაქვს, რაც საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევდა. სიმართლე გითხრათ, ვერანაირ აზრს და, პირველ რიგში, იდეას, ვერ ვხედავ, რის ირგვლივაც ბატონი ივანიშვილი ქუჩის აქციების მოწყობას აპირებს. ბუნებრივია, საზოგადოების განწყობაზე თამაში ჩემთვისაც მიუღებელია, დაუშვებელია უსაფუძვლოდ რაღაც იმედების გაჩენა. მინდა, აღვნიშნო, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენლისა თუ თაობის წრეში ახლის მოლოდინი გაჩნდა. ის ნიჰილიზმი, რაც სუფევდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით გამოწვეული პოლიტიკური დინამიზმით ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, გადატეხილია. ამის გამოუყენებლობა არ შეიძლება. ამიტომაც მგონია, რომ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვმუშაობთ, რომ გავაგებინოთ, თუ რა ახალი მეთოდები გამოაჩინა სააკაშვილმა პოლიტიკურ ოპოზიციასთან თუ სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანის მიმართ, ასევე უნდა ვიმუშაოთ შიგნითაც და  სამოქალაქო ორგანიზებისა და სოლიდარობის სერიოზული სტრუქტურები უნდა ჩამოვაყალობოთ.

დღეს შესაძლოა – არა, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ამ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება თითოეულ ჩვენგანს ღიად მოგვიწევს. იგივე ქუჩის აქციებითა და მასშტაბური   მანიფესტაციებით,  ჩვენი ნების გამოვლენა აუცილებელი გახდება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება უაღრესად ამკაცრებს პატიმართა ტერორისა და საზოგადოებრივ სექტორზე ზეწოლის მეთოდებს...

– ეს ნათელია, მაგრამ ასეთივე მეთოდებით მუშაობდა ეგვიპტეში კადაფი და ჰოსნი მუბარაქი, თუმცა რეალურად მათ როგორც დაამთავრეს – ვნახეთ. ეს არის ყველა ავტოკრატისა და ტირანის ბოლოც. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი იქნება ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მცდელობა, მით უფრო სწრაფად მოხდება ამ ძალადობის წყაროს დასრულება. სააკაშვილისა და ნაციონალური რეჟიმისგან განსხვავებით, ჩვენ საზოგადოებით მანიპულირების უფლება არა გვაქვს.  ჩემი და ჩემი პოლიტიკური პარტნიორების ამოცანაა, რომ ეს პროცესი საზოგადოებისთვის მინიმალურად მტკივნეულად წარიმართოს. ამიტომაც დღეს, ემოციების გარეშე, თითოეული ჩვენი  ნაბიჯის  გათვლა გვმართებს.

– როგორც ცნობილია, ჰოლივუდის  რიგითი ვარსკვლავებიც კი დაცვით დადიან. მილიარდერთა სიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც შინ სურათების უნიკალური კოლექციაც აქვს, შესაძლოა, ნებისმიერი  მძარცველის ინტერესის ობიექტიც გახდეს. რამდენად კანონიერი ნაბიჯი იყო მისი დაცვისთვის იარაღის  ჩამორთმევა?

– დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი მოახერხებს საკუთარი დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას. თქვენ მიერ ნახსენები ქმედება რეჟიმის მხრიდან „სახელისუფლებო ექსტრემიზმისა“ და დაშინების კიდევ ერთხელ გამოვლენა იყო. ეს იყო საჯარო პოლიტიკაში სულ რამდენიმე დღის შემოსული ადამიანის სულიერად და მორალურად გატეხვის  მცდელობა, რაც, როგორც საზოგადოებამ დაინახა, არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ.

– ივანიშვილის სამი განცხადებიდან და ორი ინტერვიუდან, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ივანიშვილი საჭირო დროს რისკზე წამსვლელიც არის და საჭიროების შემთხვევაში – შემჩერებელიც.  ის შემთხვევით არ „შემოვარდნილა“ პოლიტიკაში, მისი ყველა ნაბიჯი დიდი ხნის წინ გააზრებული, აწონილ-დაწონილი იყო და ამ ნაბიჯებმა ხელისუფლებას წონასწორობა დააკარგვინა და მისი არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია.

– ვიმეორებ, შედეგი მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც ყველაფერი არჩევნებთან დადგება ახლოს. საარჩევნო დღეს ყველა ჩვენგანისთვის ამ ხელისუფლების რეალური შეცვლის შანსი დადგება. ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხიც სწორედ არჩევნების დღე იქნება. თუ ჩვეული პრაქტიკით სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობასა და გაყალბებაზე წავლენ, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების ისეთ რეალურ წინააღმდეგობას მიიღებენ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს დაასრულებს. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რამდენადაც, პრაქტიკულად, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასასრული დავინახე, მაგრამ აქამდე მისვლაა საჭირო. რასაკვირველია, ეს იქნება  ურთულესი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ასე დასრულდება.

– ივანიშვილის გუნდის ფორმირების პროცესშია და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, რამდენად იქნება ამისთვის მზად? თანაც, ივანიშვილისგან უწინ დაფინანსებული ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის მორალური ლუსტრაცია მიმდინარეობს, რომელთაგანაც ბევრს მისი ბანკიდან ფული სხვა ბანკებში გადააქვს: მაგალითად, ბუბა კიკაბიძეს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ თამაზ გამყრელიძეს და სხვებს...

– ზოგს, მაგალითად, მასწავლებლებს, აიძულებენ ამის გაკეთებას, მაგრამ ეს წვრილმანებია. უმნიშვნელოვანესი ახლა ის არის, რომ პოლიტიკაში მოხდა ძალზე დიდი ტექტონური ცვლილება, რომელიც აუცილებლად შეცვლის სააკაშვილის ხელისუფლებას. თუმცა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ჩვენ საკუთარი საზოგადოების წინაშე ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ყველაფერი სწორად გვინდა, გავაკეთოთ. ძალას, სადაც  უკვე არის ფინანსური, ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი, წინ ვეღარაფერი აღუდგება. ეს სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კარგად იციან.  სწორედ ეს არის, რაც სააკაშვილს პოლიტიკურ და ადამინურ სახეს აკარგვინებს და ასეთი არაადეკვატური ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

– მხდალი ადამიანი საშიშ ნაბიჯებზეა წამსვლელი...

– მართალია, ის უფრო სასტიკი და არასწორი ქმედების ჩამდენი ხდება, მაგრამ ლოგიკური დასასრულიც  ყველაფერს აქვს და მთელი საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებით ეს ძალიან მალე გახდება შესაძლებელი.

– თითქმის მთელი ოპოზიციური ძალები ივანიშვილის გარშემო იყრის თავს და საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა: „განა ეს ის ოპოზიცია არ არის, რომელმაც საზოგადოებაში ნიჰილიზმი შვა? ეგებ ეს ხელისუფლების მორიგი თამაშია?!“ თუმცა, როგორც თავად ბატონმა ბიძინამ ბრძანა, ის მოცემული რეალობიდან გამოდის. ვფიქრობ, თქვენი პოლიტიკური ტანდემი ასევე შეესატყვისება მის პოლიტიკურ გეგმებსა და სტრატეგიას. ვნახოთ...

– შემიძლია, ცალსახად ჩემს განცდაზე მოგახსენოთ  და გითხრათ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ადამიანი. დამოუკიდებელი, პირველ რიგში, თავისი  გადაწყვეტილებების მიღებისას და, პირდაპირ გეტყვით – გამოვრიცხავ იმას, რომ რაიმე სხვას ჰქონდეს ადგილი. ჩვენი ურთიერთობებიც ასე სწორედ იმიტომაც ჩამოყალიბდა, რომ მისგან გულწრფელობა დავინახე  და არანაირ სიურპრიზსაც მისგან არ ველი. ჩვენი პარტნიორობა განაპირობა მამაკაცური სოლიდარობის ძალიან მნიშვნელოვანმა ფაქტორმა. უმთავრესად, იმან, რომ ის სიტყვის პატრონია.

– „თავისი სიტყვისკაცობა“ – პოლიტიკაშიც და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ძალზე მნიშვნელოვანია! მიდის დაშინება, ზეწოლა, ქონების ჩამორთმევა და დაჭერები...  ასეთ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება?

– 2013 წლამდე კიდევ ბევრი დრო არის. ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებზე – 2012 წელს უნდა შეიცვალოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული მმართველობა ხერხემალში უნდა გადატყდეს. ამას რეგიონებშიც და დედაქალაქშიც სწორი სტრუქტურების დაგეგმვა სჭირდება, რასაც მე და ჩემი პარტია რეგიონებში სიარულით ვაკეთებდით. ეს კიდევ უფრო უნდა  გაფართოვდეს და საერთო საქმიანობის საფუძველი გახდეს. მხოლოდ პიარი და, თუნდაც, პროგრამების შედგენის გონივრული ნაბიჯები არაფერს მოიტანს. საარჩევნო ინფრასტრუქტურა და ხალხი, დამკვირვებლები უნდა იყვნენ კარგად მომზადებული. ამას სჭირდება დრო და რესურსი. დრო კი სულ უფრო და უფრო ცოტა გვრჩება და ამიტომ  ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სწრაფად უნდა დავიწყოთ.

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“