სამართალი
მორიგი სკანდალი ზუგდიდის საპყრობილეში – პატიმარი ცემის შედეგად გარდაიცვალა

patimari4ზუგდიდი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში ცემის შედეგად მიყენებული ტრავმებით 42 წლის პატიმარი მურმან კალანდია გარდაიცვალა. მას სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, ჩამტვრეული აქვს ცხვირი, შუბლი, მკლავი და ზურგი – ჩალურჯებული, ხელზე კი ანთებული სიგარეტით მიყენებული დამწვრობა აღენიშნება.

გარდაცვლილი პატიმრის დედის – ჟუნა კალანდიას, თქმით, მის შვილს უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ, ცუდად რომ გახდა, თბილისის ერთ-ერთი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს და გზაში –  ქუთაისში გარდაიცვალა.

ოჯახს უთხრეს, რომ პატიმარი ქსნის კოლონიაში გადაჰყავდათ, გეგუთის ციხეში სხვა პატიმრების ასაყვანად რომ შეიარეს, სწორედ მაშინ გახდა კალანდია ცუდად, მანქანიდან გადმოვიდა, დაეცა და მოკვდა. ტრავმები გარდაცვლილმა სწორედ დაცემის დროს მიიღო. ამას ოჯახი არ ეთანხმება და ამბობს, რომ ერთდროულდ დაცემისგან ტრავმების მიღება ზურგზე, სახის არეში და მკლავზე შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ კალანდიას ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს – მურმან კალანდიას უმცროსი ძმა, რომელიც სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდის, ძმის გარდაცვალებიდან  მეორე დღეს ოჯახს უკავშირდება და დედას გაჩუმებას სთხოვს, დასძენს, რომ მისი ძმა ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და აჯობებს, ოჯახის წევრები ჟურნალისტებს მოერიდონ.

გარდაცვლილ პატიმარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ოჯახი სახელმწიფო ექსპერტიზას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

მურმან კალანდიას სასჯელის ვადა, რომელსაც ქურდობისთვის იხდიდა, 2012 წლის აპრილში ეწურებოდა.