სამართალი
შპს „ყვარლის ღვინის მარანი“ აუქციონზე იყიდება

iyidebaკახეთი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „ყვარლის ღვინის მარანი“ აუქციონზე გაიტანა. ყვარელში, გოგებაშვილის 73-ში, მდებარე საწარმოს საწყისი გასაყიდი ფასი 280 ათასი ლარია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საწარმო კერძო მესაკუთრე ფელიქს ჩიტიაშვილს გასულ წელს ჩამოართვეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის შპს „ყვარლის ღვინის მარნის“ 100 %-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ორგანიზაციას დებიტორული დავალიანება არ აქვს; კრედიტორული დავალიანება, 2 ნოემბრის მდგომარეობით, 71 259.92 ლარს შეადგენს, კაპიტალი – 1 269 446 ლარს; შენობის ფართობია  №1– 661.77 კვ მ, №2 – 40 კვ მ, №3 – 71.5 კვ მ,  №4 – 332.37კვ მ,  №5 – 300 კვ მ,  №6 – 368.74 კვ მ.

აუქციონი 17 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვებულმა საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. მყიდველი ვალდებულია, განახორციელოს საპრივატიზებო ობიექტის – შპს „ყვარლის ღვინის მარნის“, საგადასახადო დავალიანების – 10 851.76 ლარის სრულად დაფარვა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ასევე, მყიდველი ვალდებულია, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში საპრივატიზებო ობიექტზე განახორციელოს არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია. მყიდველი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2  თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.