აქტუალური
ივანიშვილი დაგეგმილი პოლიტიკური პარტიის შესახებ

biz13თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტიის ნომინალური ლიდერი შესაძლოა, მისი 19 წლის ვაჟი გახდეს, რაც დაეხმარება მას, თავიდან აიცილოს ყველა სამართლებრივი დაბრკოლება, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ მას პოლიტიკური პარტიის შექმნის ან დაფინანსების უფლება აღარ აქვს.

როგორც პირველი ნაბიჯი თავისი პოლიტიკური საქმიანობის ოფიციალურად დაწყებისა, ივანიშვილი 25 ნოემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაფუძნებას გეგმავს. ივანიშვილს, რომელსაც ამჟამად საფრანგეთისა და რუსეთის პასპორტები აქვს (რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურები მან უკვე დაიწყო), უფლება აქვს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობის სახით.

„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ 25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, თუნდაც, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მე ამისი სრული უფლება მაქვს. რამდენიმე დღის დაგვიანებით და იმავე რეჟიმში კი ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიასაც, ოღონდ უკვე უჩემოდ და იქ ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი ან, სულაც, ჩემი ვაჟი უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად და, შესაბამისად, გახმიანდება ივანიშვილის გვარიც“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 7 ნოემბერს გამოქვეყნდა.

მან ნათლად აღნიშნა, რომ მისი ვაჟის შესაძლო ჩართვა მხოლოდ პირობითი იქნება და ამის მიზანი მხოლოდ პარტიის დაფინანსების საკითხების მოგვარება და იმის ჩვენება იქნება, რომ ეს ივანიშვილის პარტიაა.

„უტა შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რათა მოხერხდეს დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა და გვარი – ივანიშვილი ჟღერდეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მას და მის მეუღლეს არ უნდათ, რომ მათი ვაჟი სწავლას მოსწყდეს.

იმავე ინტერვიუში ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი ქუჩის საპროტესტო აქციების წინააღმდეგია, თუმცა, ასევე, აღნიშნა, რომ იგი „არ დაიმალება“, თუ „ხმების დაცვა“ გახდება საჭირო.

მან ისიც აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ ასეთი სცენარი საჭირო არ იქნება, რადგანაც იმდენად დიდი იქნება სხვაობა მიღებულ ხმებს შორის, რომ ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იქნება არჩევნების გაყალბების გზით შედეგების შეცვლა.

„თუ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვერ მოვახერხებთ და ვერ ვაიძულებთ სააკაშვილს, რომ დაუბრუნდეს კანონიერების ფარგლებს და არ დამიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, მგონი, ეს ვითარებას დიდად არ შეცვლის. მთავარია, რომ მოხდება სწორი ორიენტაცია, საქართველოს მოსახლეობის ხმები სწორად გადანაწილდება. შედეგი კი იქნება იგივე – სააკაშვილი ვერ მიიღებს ბევრ ხმას და ამის ილუზია ტყუილად აქვთ... 5 პროცენტს 55%-ად ვერ გადააქცევ; ამას ვერ გააკეთებს არც საქართველოს მოსახლეობა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა ამას მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ამიტომაც მე ქუჩაში გამოსვლები პრინციპულად არ მინდა. მაგრამ განსაზღვრულ ვითარებაში ხმებს აუცილებლად დავიცავ. თუ იმას გულისხმობთ, რომ სადღაც დავიმალები ტოტალური გაყალბების შემთხვევაში, ასე არ მოხდება – ხმებს აუცილებლად დავიცავთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმდენად დიდი იქნება სხვაობა მიღებულ ხმათა შორის და ისეთი უსუსური გამოჩნდება არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ამის საჭიროება არ იქნება“, – განაცხადა მან.

კითხვაზე – იყო თუ არა მისი მთავარი გათვლა არჩევნებში მოსახლეობის მასობრივად მაღალი აქტივობა და ხმების მაქსიმალური ოდენობა, რის შედეგადაც გაყალბება შეუძლებელი გახდებოდა, მან უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

„ნახეთ გენიალური მაგალითი: არავის მოუწოდებია და არავის დაუძახია დასახმარებლად. ხალხმა ნახა უსამართლობის ერთი მაგალითი და ორი-სამი დღის წინ ბანკ „ქართუში“ მხარდაჭერის მიზნით ანგარიშების გახსნა დაიწყო. მე ამ მხარდაჭერას კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის პოლიტიკურ პარტიას პარტნიორობა ექნება ორ ოპოზიციურ პარტიასთან – „რესპუბლიკელებთან“ და „ჩვენი საქართველო –თავისუფალ დემოკრატებთან“. მან, ასევე, განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ ორ პარტიასთან რაღაც ტიპის კავშირი შედგეს, თუმცა მათთან გაერთიანებას ადგილი არ ექნება.

მან, ასევ,ე განაცხადა, რომ იგი სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც ითანამშრომლებს. ივანიშვილის თქმით, მის მიერ ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის თავდაპირველი შეფასება სწორი იყო, როდესაც მან პარტიები „რეალურ, ჯანსაღ ოპოზიციად“ და „ფსევდოოპოზიციად“ დაყო.

„ის პროცესები, რაც ფსევდოოპოზიციურ პარტიებში ხდება, კიდევ გაღრმავდება. ჩანს, სწორად გავაანალიზე ქართული პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა მან.

ივანიშვილს მხედველობაში ჰქონდა „ახალ მემარჯვენეებში“, „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „ქართულ პარტიაში“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. დავით საგანელიძემ „ახალი მემარჯვენეებიდან“ გენერალური მდივნის პოსტი დატოვა და ამის მოტივად პარტიის დანარჩენ ხელმძღვანელობასთან პოლიტიკის საკითხებზე უთანხმოება დაასახელა. თუმცა, მისი თქმით, იგი პარტიის წევრად რჩება. ცოტა ხნის წინათ „ლეიბორისტული პარტიის“ რიგები დატოვა ნესტან კირთაძემ და მიზეზად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პარტიაში არსებული უარყოფითი პოზიცია დაასახელა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოზარ სუბარმა დატოვა და აპირებს, დატოვოს ქართული პარტიის თავმჯდომარის პოსტი. სუბარს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.