აქტუალური
„ბაიაში“ მონასტერი აირია

qomeTianiთბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის „ბაია“ რუსთავის „მეტალურგთან“ მარცხის შემდეგ ამ დრომდე არ შეკრებილა. მიზეზი კი ფეხბურთელთა მიმართ დღემდე არსებული ფინანსური დავალიანებაა. სამაგიეროდ, რატომ არ ვარჯიშობდა „ბაია“, არ იცის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა, რომელიც ჰოლანდიაში იმყოფებოდა მწვრთნელთა განათლების კურსებზე. ამის შესახებ თავად ქომეთიანმა განაცხადა ჩვენთან საუბრისას, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერსია რამდენჯერმე შეიცვალა.

„ჩვენს გუნდს დავალიანებები არ აქვს. შეფერხება იყო, ფული არის, მაგრამ გაცემა ვერ მოხერხდა. კვირას ვარჯიში, ჩვეულებრივ, ორ საათზე ჩატარდება. თბილისიდან გიორგი სომხიშვილი ვერ ჩამოდის – ტრავმირებულია და მკურნალობს, ვალიკო ტყემალაძეს სიცხე აქვს. ნიკა მგელაძე, ნიკა შონია და გიორგი პაჭკორია უკვე გაემგზავრნენ ზუგდიდში და ვარჯიში კვირას მექნება“,  – განაცხადა საქინფორმთან საუბრისას ქომეთიანმა.

მოგვიანებით საქინფორმმა დაადგინა, რომ ზუგდიდში მხოლოდ პაჭკორია  და შონია გაემგზავრნენ, თუმცა – არა ვარჯიშზე დასასწრებად; გიორგი სომხიშვილი კი დავალიანების გამო არ მიდის სამეგრელოში. ფეხბურთელისვე ცნობით, მან ვარჯიში უკვე დაიწყო.

მოგვიანებით კვლავ დავუკავშირდით ქომეთიანს, რომელმაც გვითხრა, რომ ნიკა მგელაძეს, რომელიც უკვე წასულიყო ზუგდიდში, ერთი დღის ვადა უთხოვია, ხოლო გიორგი სომხიშვილისთვის ყველანაირი ფინანსური მდგომარეობა იყო შექმნილი ტრავმის მოსაშუშებლად.

საქინფორმი ნიკა შონიასაც ესაუბრა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ „ბაიაში“ „ბარდაგია“.

ნიკა შონია: „ისევ ის პრობლემებია, რაც გასულ წელს იყო. პირდაპირ რომ გითხრათ, გუნდში „ბარდაგია“. გვატყუებენ – დღეს იქნება, ხვალ იქნება... „დინამოს“ მოვუგეთ. ნაცვლად იმისა, რომ წაგვახალისონ... პატარა  ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი იღებს პრემიებს. ახლა ასაღები გვაქვს „დინამოს“ და თასის პრემია, ამ თვის  ხელფასიც. ისევ გვატყუებენ.  თითქოს „ფერერო“ გვასპონსორებს. ესეც ვერ გავიგეთ, გვყავს თუ არა საერთოდ პატრონი. დაგვიბარეს წინა კვირას, ფული გადმოირიცხაო, მივედით და პრობლემაა, ვერ ვიღებთო, არ გადმორიცხულაო. ასეთი რამ უკვე რამდენჯემე განმეორდა. 19-ში არ ვაპირებთ გასვლას და თამაშს – ეს მარტო ჩემი პოზიცია არაა, მთელმა გუნდმა გადაწყვიტა. სავარაუდოდ, პატარა ბიჭები გააგრძელებენ ჩემპიონატს“.

როგორც ელგუჯა ქომეთიანი ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა გუნდში და საგანგაშო არაფერი ხდება, თუმცა არსებული სიტუაცია საპირისპიროზე მიუთითებს.

შეპირებისამებრ, მას კვლავ დავუკავშირდით, რომელმაც ამჯერად დაადასტურა პრობლემების არსებობა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე ყველაფერი მოგვარდება: „ვარჯიში არ ჩატარებულა, ბიჭები ცოტას ჯიუტობენ, მაგრამ პარასკევამდე დროა და გვპირდებიან ყველაფრის გამოსწორებას. იმედია, სამწვრთნელო პროცესი არ ჩაიშლება და გუნდი მომდევნო ტურში სრული  შემადგენლობით გამოვა“.

– თუკი პარასკევამდე არ მოგვარდა ფინანსური პრობლემები,  რა იქნება შემდეგ?

– შემდეგ რა იქნება, ეს უკვე აღარ ვიცი. დიდი შანსია, რომ გაიცეს  პრემიები და ხელფასები. ამ პირობით ვაგრძელებთ მუშაობას. ჯერ არ ჩამოსულან თბილისიდან ბიჭები, მაგრამ აქ რა კონტინგენტიცაა, ის ივარჯიშებს.

მთავარი მწვრთნელის კომენტარის შემდეგ ისევ დავუკავშირდით ზუგდიდელ ფეხბურთელებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ვარჯიშს დაიწყებენ, მაგრამ თუკი 19 ნოემბრამდე დავალიანებები არ გაიცემა, მთელი გუნდი განცხადებას გააკეთებს და მოედანზე სათამაშოდ არ გავა.